საზოგადოება
10.12.2025 12:57
მომავალი წლიდან მოქალაქეები უძრავი ქონების დარეგისტრირებას მხოლოდ სპორადული წესით შეძლებენ

მომავალი წლიდან მოქალაქეები ქონების დასაკუთრებას მხოლოდ სპორადული წესით შეძლებენ, - აღნიშნულს გულისხმობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირების ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მიენიჭება უფლებამოსილება, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ღირებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, კანონპროექტში წერია, რომ საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედ, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთი კი ამ დროისთვის 600 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემურად აზომვას, საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო დასახელებული.

კვირის ამბები