საზოგადოება
10.12.2025 11:25
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 15 დეკემბრამდე შეძლებენ

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.27 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა წელს გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში ხორციელდება - მიმდინარეობს პროცესის სრული ვიდეოჩაწერა და მონიტორინგის ცენტრს ჩანაწერებზე სრული წვდომა აქვს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

კვირის ამბები