საზოგადოება
08.12.2025 12:17
ერთი თვის განმავლობაში შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 259 ფაქტი გამოავლინეს და გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 223 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 36 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„ყველაზე მეტი - 92 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, აჭარაში გამოვლენილია 57 სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 20, ქვემო ქართლში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12, მცხეთა-მთიანეთშიც - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 11, შიდა ქართლში - 11, გურიაში კი - 3.

ჯამში ამოღებულია 495 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 57 უკანონო სახერხი საამქრო.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები