საზოგადოება
08.12.2025 12:15
როგორ უნდა აიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება შესაძლებელია. დოკუმენტი ერთი ან სამი წლის ვადით გაიცემა და 200-მდე ქვეყანაში მოქმედებს.

კერძოდ, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა ერთი წელია, აღნიშნული მოწმობა კი ვალიდურია ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, ასევე, გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც. დოკუმენტის ვადა 3 წელია. შესაბამისად, საქართველოში გაცემული საერთაშორისო მართვის მოწმობა მოქმედია ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, იმისთვის, რომ პირმა საერთაშორისო მართვის მოწმობა მიიღოს, საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ეროვნული მართვის მოწმობა. თუმცა, თუ ქართული მართვის მოწმობა 2014 წლის 1-ელ მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა.

რაც შეეხება ღირებულებას, საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასური 109 ლარია. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, დოკუმენტი მზადდება და გაიცემა მყისიერად. აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.

კვირის ამბები