საზოგადოება
05.12.2025 16:09
„ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“ - 5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღეა

5 დეკემბერს ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებით, ნიადაგის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით, 2002 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნიადაგის დაცვისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე.

2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნის თემა - „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნიადაგი არა მხოლოდ სოფლის ტერიტორიებზე, არამედ ქალაქებშიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოსა და ბუნებრივ რესურსს, რომელიც გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე, ტემპერატურის რეგულაციაზე, წყლის დაკავებასა და შენარჩუნებაზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში აღნიშნავენ, ქვეყნის მასშტაბით ნიადაგის მდგრადი მართვის და მდგომარეობის შეფასების მიზნით, კვლევები სისტემატურად ხორციელდება.

„ნიადაგი სიცოცხლის საფუძველია, ის აწვდის მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს, ინახავს წყალს, უზრუნველყოფს ეკოსისტემების ფუნქციონირებას და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. 2025 წლის თემის გზავნილი - „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“ შეგვახსენებს, რომ ურბანული გარემო და ბუნებრივი რესურსები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხოლო ქალაქების მდგრადობა მიწის რესურსების სწორი მართვითა და დაცვით იწყება“, - აღნიშნავენ ცენტრში.

კვირის ამბები