საზოგადოება
05.12.2025 15:38
„პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს გორის სტრუქტურულმა ერთეულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს გორის სტრუქტურულმა ერთეულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოზარდებმა დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა, მიიღეს უწყების მიერ გაცემული სერვისების შესახებ ინფორმაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესს გაეცნენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ახალი კამპანიის მიზანი მოზარდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და ამ პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას - „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს.

კამპანიის ფარგლებში, გორის მსგავსად, ახალგაზრდებს მომსახურების სააგენტოს რუსთავის, თელავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ახალციხის, ფოთისა და ბათუმის სტრუქტურულმა ერთეულებმა უმასპინძლეს“, - აღნიშნეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

მოსწავლეებს სააგენტოსგან სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კვირის ამბები