
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბნავისის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლები თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.
ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ჟიურიმ პირველ ეტაპზე 335 განაცხადი განიხილა და 20 სკოლა შეარჩია. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის მასშტაბით, ასევე, ოცეულში დასახელდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლები.
„პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ. საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი 20 დეკემბერს დასრულდება და ოცეულში გასულმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ 200-სიტყვიანი პროექტის აღწერა და ხარჯთაღრიცხვა. 25 დეკემბერს კი გამოვლინდება 2 სოფლის საჯარო და 1 მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლის გამარჯვებული. პროექტის მსვლელობაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
რაც შეეხება თანხის რაოდენობას, თითოეული გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს, რითაც ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს უზრუნველყოფენ.