საზოგადოება
04.12.2025 12:07
4 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია

4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ზეიმობს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი უბიწოებით და წმინდანური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. მოხუცებულობამდე შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს შვილიერებას და აღთქმაც დადეს: თუ მიეცემოდათ, უფალს შეწირავდნენ.

ღმერთმა შეისმინა მათი წმინდა ლოცვა და აჩუქა ასული - მარიამი.

როცა მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა ახლობლებს მოუხმეს, ბავშვი საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.

ტაძარში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება (იოანე ნათლისმცემლის მამა). ღვთის შთაგონებით, მან ბავშვი წმიდათა წმიდაში შეიყვანა - იქ, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დარჩა, იზრდებოდა წმინდა ცხოვრებით და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ქალწულების აღთქმა დადო და თავი მთლიანად უფალს მიუძღვნა.

ღმრთის მადლით, წმიდა მარიამი მაცხოვრის დედა გახდა.

კვირის ამბები