საზოგადოება
04.12.2025 11:39
შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.

აქტივობა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, შშმ პირების მონაწილეობით განხორციელდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარების მშობლები ესწრებოდნენ.

„რომ არა გორის მერიის მხარდაჭერა და თანადაფინანსება, ჩვენ ვერ შევძლებდით განგვეხორციელებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბენეფიციარების გააქტიურებას და საზოგადოებაში სრულად ჩართულობას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - აღნიშნა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა თინა ბრეგვაძემ.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ შშმ პირებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მიმდინარე წელსაც ბენეფიციარები ეუფლებიან ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნიკას და პარაოლიმპიური სპორტის სახეობას (ბოჩა).

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების სხვადასხვა მიმართულებით გათვალისწინებული დახმარებებით. პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად უზრუნველყოფს დამხმარე საშუალებებით, მათ შორის, ეტლებით. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შშმ პირებმა საზღვაო კურორტზე სარეაბილიტაციო კურსიც გაიარეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ამჟამად 10-მდე შშმ პირია დასაქმებული“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, შშმ პირების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი პროექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური, სპორტული და კულტურული თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები