საზოგადოება
03.12.2025 13:14
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ზეთის ხარისხს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმის ხარისხს ამოწმებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ფრიტურული ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით (VITO ზეთის ტესტერი) აკონტროლებს. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.

„რეგულარულად მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნესოპერატორებს მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლიც. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება (დადგენილება N 605). დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის/ზეთის ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებს, ამიტომ სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები