საზოგადოება
03.12.2025 13:12
ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელთა რეგისტრაციას კიდევ ერთი ეტაპი დაემატება

ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთი ეტაპი დაემატება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალი ეტაპი, რომელიც საყოველთაო რეგისტრაციამდე განხორციელდება, აპლიკანტის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან იქნება დაკავშირებული.

„შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი. ჩვენ კი ვაპირებთ საყოველთაო რეგისტრაციამდე შემოვიღოთ კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“, - განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, გივი მიქანაძემ, 2026-2027 სასწავლო წლიდან, ასევე, სკოლებში ფორმის შემოღება, სასწავლო პროცესში ტელეფონის აკრძალვა და სკოლაში შემსვლელ პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის შეცვლა დააანონსა.

კვირის ამბები