საზოგადოება
02.12.2025 14:43
ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.

უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

კვირის ამბები