
ვოლტერის „უმანკო“ - 133 წლის წინ გამოცემული წიგნი ყველაზე ძველია იმ რარიტეტულ ლიტერატურას შორის, რომელიც გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
უძველესი წიგნი გორის ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ ნაჩუქარ წიგნებს შორის აღმოჩნდა.
„ჩვენს ბიბლიოთეკაში დაცულ რარიტეტულ ლიტერატურას შორის 12 უძველესი წიგნია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვოლტერის „უმანკო“, 1892 წელს გამოცემული წიგნი, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემულ ლიტერატურას შორის აღმოვაჩინეთ... სამწუხაროდ, აღნიშნული მოქალაქის ვინაობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აღნიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა კარკაძემ.
რარიტეტული ლიტერატურის გარდა, გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამორჩეულ ადგილს იკავებს სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ I I-ის (ერისკაცობაში - გრიგოლ სიდამონიძე, კასპის მუნიციპალიტეტი სოფელი დოესი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1960-1972 წწ.) მიერ ბიბლიოთეკისთვის ავტოგრაფით გადაცემული „ახალი აღთქმა“.
„ეს წიგნი შეუცვლელი და უძვირფასესი საჩუქარია თითოეული ჩვენგანისთვის. წიგნს ხელში რომ ვიღებ, სხვა მადლს ვგრძნობ, თითქოს, წაკითხვაც კი მენანება. ასე არიან ჩემი თანამშრომლებიც“, - ამბობს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 50 000-მდე წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკა ყოველწლიურად 25 ათასამდე მკითხველს მასპინძლობს, ამასთან, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, სისტემატურად იმართება სხვადასხვა ღონისძიება.
YouTube: https://www.youtube.com/watch?v=3wHwk3RC9UQ