საზოგადოება
02.12.2025 12:55
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, დაკვირვებამ ცხადყო, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.

„გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, პირველ კლასში შესვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ სასკოლო ასაკს მიღწეულ ბავშვებს შეეძლოთ. მანამდე კი აღნიშნული ზღვარი რამდენჯერმე შეიცვალა.

ამასთან, განათლების მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში რეგულაცია შემოდის სასკოლო ფორმებთან დაკავშირებითაც - შემდეგი სასწავლო წლიდან, ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმების ტარება.

კვირის ამბები