
1-ელ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მედიკოსების თქმით, თარიღის დაწესების მთავარი მიზანი აივ ინფექციის საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სტიგმის დაძლევა, ინფიცირებული პირების მხარდაჭერა და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის რესურსების მობილიზებაა. ამ დღეს, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება, რომლებიც აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობის და დაავადებულთა მხარდაჭერის პროგრამების პოპულარიზაციისკენაა მიმართული.
მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელს, შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო.
რაც შეეხება სტატისტიკას, შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიუხედავად, მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა; მათ შორის 570.000 ბავშვი იყო. შიდსი, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივი) გამოწვეული დაავადებაა, XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში გახდა ერთ-ერთი ყველაზე გლობალური საჯარო ჯანდაცვის პრობლემა. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ დაავადებამ, რამაც პანდემია გამოიწვია, რომელიც დღემდე აქტუალურია.
საქართველო 2015 წლის დეკემბრიდან შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას - „ვუმკურნალოთ ყველას“ და დღეისთვის მკურნალობა აივ/შიდსით ინფიცირებულ ყველა პირს უტარდება. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ, ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ახლადინფიცირების შემთხვევები შემცირდა.
ცნობისთვის, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.