საზოგადოება
01.12.2025 16:11
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 %-ით გაიზარდა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 7.0 %-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 075 ერთეულს გაუტოლდა.

„2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 10 თვეში 4.6 %-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები