სპორტი
28.11.2025 16:57
ბადრი ხატისკაცი - ტიტულოვანი გორელი სუმოისტი, რომელმაც ოცწლიანი პაუზის შემდეგ, პრესტიჟულ ამერიკულ ტურნირზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

გორელი სპორტსმენი ბადრი ხატისკაცი პირველი ქართველია, რომელმაც ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე  - „USA SUMO OPEN 2024 LOS-ANGELES” იასპარეზა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

„აღნიშნული ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია და მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო.  ჩემი გულშემატკივრების იმედები გავამართლე და შევძელი თასის მოპოვება. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დგახარ და შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ასპარეზობა იყო ევროპის თამაშების ფინალი, სადაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ვძლიე. ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას, ჩემი ქვეყანა და ჩემი ქალაქია და ეს მაძლიერებს“, - აღნიშნა ბადრი ხატისკაცმა.

ხატისკაცი ამერიკაში, ნიუ-იორკის სუმოს კლუბში სპორტსმენებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის მასტერკლასებსაც ატარებდა.

„2024 წლის დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი, სადაც მასტერკლასებს ვატარებდი და სუმოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს საკუთარ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებდი. მათთან თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავ და მაქვს კონკრეტული წინადადებები“, - გვითხრა სუმოისტმა.

ევროპის თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორმა გორელმა სპორტსმენმა ბადრი ხატისკაცმა სუმოში ვარჯიში 16 წლიდან დაიწყო, მანამდე კი ძიუდოში ასპარეზობდა.  

ამჟამად, სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მისი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა. როგორც თავად ამბობს, იყო წარმატებული სპორტსმენი, დიდ შრომას მოითხოვს. ხატისკაცის ოცნება ოლიმპიური ოქროა და იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიურ სახეობებს სუმო დაემატება, მიზნის მისაღწევად ძალებს არ დაიშურებს.

კვირის ამბები