საზოგადოება
28.11.2025 12:34
„ქალები თავდაცვაში“ - გორელი კაპიტანი ხატია გოგალაძე დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის პირველი მეთაური ქალი, გორელი ხატია გოგალაძე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - „ქალები თავდაცვაში“ კატეგორიის გამარჯვებულია.

550 ნომინანტს შორის „Women in Defence UK Awards“-ის საერთაშორისო ჯილდო სწორედ 29 წლის კაპიტანს გადაეცა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე აღინიშნა, მისი კარიერა, მიზანდასახულობა და პროფესიონალიზმი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავდაცვის სფეროში ქალების წვლილს, როლს, რომელსაც ისინი საქართველოს სამსახურში ასრულებენ. ამავდროულად, ხატია უდიდესი მოტივაციაა გოგონებისთვის, რომლებსაც სამხედრო კარიერის მოწყობა სურთ, ან ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ.

ხატია გოგალაძე 1996 წელს გორში დაიბადა. გორის მეათე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო კარიერა 2014 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლით დაიწყო, უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი ქვეითის სპეციალობით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი გაიარა.

ხატია გოგალაძე პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა (2023 წელი).

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობდა. კაპიტან გოგალაძესთან ერთად, ჯილდოზე წარდგენილები იყვნენ ვიცე-პოლკოვნიკი ზოია კურტანიძე და პოლკოვნიკი ეკატერინე ხარაშვილი.

კვირის ამბები