საზოგადოება
27.11.2025 12:05
კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებში კი ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ მოსწავლეს ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და სწავლა საზღვარგარეთ განაგრძოს, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებში კი, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სპეცკლასები შეიქმნება.

პრემიერის განმარტებით, მოსწავლეებს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება არ შეექმნებათ და ამ მიმართულებით განცხადებები სპეკულაციურია.

„ბუნებრივია, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად მოერგოს მისაღები გამოცდების მოთხოვნებს. მეორე – თუ აუცილებელი არ არის მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს, გადავიდეთ 11-წლიან სწავლებაზე. ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მინუსი აქვს მიგრაციას და როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, თითოეული მოსწავლის და მშობლის არჩევანია, ამაში ჩვენ ვერ შევალთ და თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მათთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი. პირველი კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა; მეორე – რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, რათა შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის შეიქმნება სპეცკლასები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში და თითოეულ რაიონში. აქედან გამომდინარე, ვინმეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ. ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები