
„სიტყვობანა 2025“-ის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული კარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ მახოხაშვილი გახდა.
აღნიშნული შეჯიბრი პროექტის - „საუკეთესო მოქართულეს“ ფარგლებში, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა და ფინალში ერთმანეთს გორის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე ტიტო ვანიშვილი, №9 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წულუკიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ მახოხაშვილი და სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე რაზმაძე დაუპირისპირდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი IX-XII კლასების მოსწავლეთა ჩართულობით მიმდინარეობდა და ფინალში ერთმანეთს ოთხი ძლიერი, ჭკვიანი და გამბედავი მონაწილე შეეჯიბრა. გამარჯვებულმა კი ქართული ენის ბრწყინვალე ცოდნა, სტრატეგიული აზროვნება და ნამდვილი ჩემპიონის მოთმინება გამოავლინა.
როგორც „გორის მაცნესთან“ ეთერ მახოხაშვილმა აღნიშნა, აქტიურადაა ჩართული ყველა ღონისძიებაში, რომელიც ქართული ენის ცოდნას უკავშირდება.
„პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გამომევლინა მშობლიური ენისადმი სიყვარული და ცოდნა. პროექტის ხელმძღვანელი ელდარ ქურიძე მოსწავლეებს სწორედ ასეთ პროგრამებს გვთავაზობს და მოვუწოდებ თანატოლებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ აქტივობებში, სადაც მშობლიურ ენას უფრო უკეთესად სწავლობ და თითოეული კონკურსი შენში ტოვებს კვალს, რომელიც შენ ქართულ იდენტობას გამოხატავს.
ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ პირველ მასწავლებელს ირინე ტერტერაშვილს, რომელმაც ქართული ანბანი მასწავლა და პედაგოგს ქეთევან რჩეულიშვილს, რომლმაც შემაყვარა მშობლიური ენა და რომლის ღვაწლიც ჩემს წარმატებებში ძალიან დიდია“, - აღნიშნა „სიტყვობანა 2025“-ის გამარჯვებულმა ეთერ მახოხაშვილმა.