
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება, - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარადგინა.
ცვლილებების შეტანა იგეგმება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მნიშვნელოვანი ელექტრონული გაუმჯობესება იგეგმება.
„დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისთვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, გადამოწმდეს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ, ანუ, შეგვიძლია დავამატოთ ისეთიდეტალები, რომელიც დაკავშირებულია შშმ პირის, სტუდენტის სტატუსთან და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.
მნიშვნელოვანია, ასევე, კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის მოწმობა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის,“ - განაცხადა გიორგი დგებუაძემ.