სპორტი
25.11.2025 17:00
ლევან მახათაძე - 26 წლის გორელი პარასპორტსმენი, რომელიც სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონია

გორელი პარამკლავჭიდელი ლევან მახათაძე სამგზის ევროპის და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

მახათაძე ბავშვობის ასაკიდან ეტლით მოსარგებლეა (დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა). 26 წლის პარაკლავჭიდელმა გორის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.

მკლავჭიდით ათი წლის წინ დაინტერესდა, როდესაც შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულში გამართულ სპორტულ აქტივობაში იასპარეზა. წარმატებული კარიერა კი 2023 წლიდან იწყება, მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლით.

„ბავშვობიდანვე მქონდა ხელში ძალა და მინდოდა, რომ სპორტის აღნიშნულ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა. 2015 წელს, შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში ვიასპარეზე. შეჯიბრის შემდეგ მწვრთნელი არსენ შოშიაშვილი დაინტერესდა ჩემით“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ლევან მახათაძემ.

პარამკლავჭიდელი ამბობს, რომ ყველაზე რთული მესამედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა იყო, თუმცა, ოჯახის წევრების და მწვრთნელების - არსენ შოშიაშვილის და გრიგოლ ზურაბიანის დახმარებით კვლავ წარმატებას მიაღწია.

„ყველაზე რთული ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა აღმოჩნდა, რადგან მესამედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა დიდ განცდებთანაა დაკავშირებული, თუმცა, გულშემატკივრების დახმარებით, რომლებსაც ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, ბულგარეთში გამართულ ჩემპიონატზეც ავაჟღერე საქართველოს ჰიმნი. სპორტსმენი ძლიერი ხარ მაშინ, როცა რთულ მომენტში საკუთარი ემოციების მართვა შეგიძლია“, - გვითხრა პარამკლავჭიდელმა.

ლევან მახათაძეს ვარჯიშის დროსაც და ჩემპიონატებზეც, ყველაზე მნიშვნელოვან დახმარებას ძმა - ვანო მახათაძე უწევს და როგორც თავად პარასპორტსმენი ამბობს, ძმის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამგვარი წარმატების მიღწევა.

ამჟამად, ლევან მახათაძე გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში მუშაობს და საკუთარ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ცენტრის ბენეფიციარებს უზიარებს.

„ჩემი უმთავრესი ამოცანაა, საზოგადოებას დავუმტკიცო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მიხარია, რომ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის მე ვარ მოტივაცია და ვურჩევ, რომ მუდამ იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე და საზოგადოებაში იყვნენ რეალიზებულები“, - აღნიშნა ლევან მახათაძემ.

პარამკლავჭიდელის მთავარი სურვილი ოლიმპიური ჩემპიონობაა და დარწმუნებულია, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს ჰიმნს ოლიმპიადაზეც ააჟღერებს.

Youtube - https://youtu.be/PBRoHiSzLmU?si=z3Mja1vNlpFVGrY9

კვირის ამბები