
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მესამე შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგები, რომლებიც „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტების გუნდის ხელმძღვანელმა ნენსი ფრაიმ და პროფესორმა ჯეიმს მარშალმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები. გააცნეს, ასევე, ძირითადი მიგნებები და მიღწეული შედეგები ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უნდა აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობა ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა.
გარდა ამისა, ღონისძიება მოიცავდა პანელურ დისკუსიებსაც, სადაც მუნიციპალიტეტების, საბავშვო ბაღების და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან ერთად წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები და განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები“, - აღნიშნეს სააგებტოში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე შემაჯამებელი კონფერენციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი, თანამშრომლები, ბაღის მენეჯერები და აღმზრდელები ესწრებოდნენ.