საზოგადოება
24.11.2025 11:53
გორის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვა.

ერთჯერადი ფულადი ჯილდო მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 40 ახალგაზრდას გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიას სტუდენტები, მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

„სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით სრული დაფინანსება მოიპოვეს. გორის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღებას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები