
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში საერთაშორისო გამოფენაზე - U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია კომპანია „კულამაც“ წარადგინა, რომელიც წლებია, გორში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქმნის.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილის და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
„გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. წინა წლებში საინტერესო შედეგები გვქონდა. ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის წლევანდელი გამოფენაც წარმატებულ იქნება.
მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2024 წელს საერთაშორისო გამოფენებზე დამყარებული საქმიანი კავშირების შედეგად ქართულმა კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა.