
დღეს, 21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს.
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.
საეკლესიო მოძღვრების თანახმად, მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.
დღესასწაულის დაწესება ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.