
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან, 21 ნოემბრიდან პროექტი - „პროფესია პოლიციელი“ დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალ კამპანიის მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
„სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ.
მათ შესაძლებლობა ექნებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს, შედეგებს, წარმატებებს და ყოველდღიურ საქმიანობას.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
ცნობისთვის, კამპანია - „პროფესია პოლიციელი“ წლის ბოლომდე გაგრძელდება. 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიოს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურას, დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და სიმულაციურ აქტივობებში ჩაერთოს.