საზოგადოება
21.11.2025 11:45
სახელმწიფო, იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს, სახელმწიფო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

„დადგენილი პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა. კომისიამ, თითოეული ოჯახის განსახლების საკითხი მინისტრის ბრძანების შესაბამისად განიხილა.

საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება“, - აცხადებენ უწყებაში.

სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 13 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 2300 ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა.

კვირის ამბები