
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს იწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დანიის სამეფოს და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენები 2026 წლის 27 ივნისიდან განხორციელდება. ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
„სკანდინავიის ქვეყნები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია ავიაციის და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ მიმართულებით დაკავშირებადობას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.