
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ უკვე ხელმისაწვდომია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პაციენტებს შეუძლიათ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, ან, მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
„მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი, საქართველოს, დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.
უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ, მსგავსი გართულებები თავიდან იქნას აცილებული“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.