საზოგადოება
20.11.2025 12:09
დაავადება თურქულის საწინააღმდეგოდ ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება თურქულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მასშტაბით, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტო თურქულის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ახორციელებს. ამჯერად კი, აღნიშნული ღონისძიებები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოს საზღვართან ახლომდებარე რეგიონებში დაავადება თურქულის SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებების კერების დაფიქსირებამ განაპირობა.

„პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ათასი დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინა შეისყიდა, რომელიც ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს ლაბორატორიის მიერაა რეკომენდებული.

ცხოველთა მეპატრონეებს მოვუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს.

თურქულის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ვახორციელებთ. 2025 წელს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებს (მათ შორის SAT-1-ის საწინააღმდეგოდ) მილიონ 300 ათასზე მეტი ვაქცინაცია/რევაქცინაცია ჩაუტარდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, თურქული (Food and Mouth Disease) წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, ვირუსული ინფექციური დაავადებაა. თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვ.). დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი გამოირჩევა. ადამიანი თურქულით არ ავადდება.

კვირის ამბები