
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის, - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.
უწყების ინფორმაციით, შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. მათივე განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს.
„რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა. ასევე, სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო.
რეგულარულად მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია.
დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე-15-01“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.