
საქართველოს მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალება.
კერძოდ, აღარ დაიშვება პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აიკრძალება, ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდებაც.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს) რომლებიც დაფასოებული სურსათისთვისაა განკუთვნილი.
დადგენილება ამოქმედებიდან სამთვიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, რა დროსაც ბიზნესოპერატორებს პროდუქციის ამოყიდვა/ბაზარზე განთავსება შეეძლებათ.
პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელი იქნება დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.
კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.