
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მოადგილეებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს და სპორტის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობასთან, არსებული პრაქტიკების გაუმჯობესებასა და სპორტული ღონისძიებების სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს. გარდა ამისა, სპორტული აქტივობების ორგანიზების და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„მერის მოადგილეებმა და სპორტის სამსახურების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები, საჭიროებები და ხედვები წარადგინეს, ისაუბრეს ახალგაზრდული სპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებას და რეგიონში სპორტული გარემოს კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
რწმუნებულის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.