
საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 - 2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.
„ტურიზმის და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე, საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას.
ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.