საზოგადოება
17.11.2025 15:03
ნებისმიერი ასაკის და პროფესიის პირებისთვის ფოტოკონკურსი გამოცხადდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ფოტოკონკურსი თემაზე - „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს შეუძლია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში (პუბლიკაციები, დოკუმენტები, პრეზენტაციები); ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება, ურბანიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება - მრეწველობისა და წიაღისეულის მოპოვების გავლენის ასახვა ნიადაგზე, ასევე, ნიადაგის ეკოსისტემაზე ურბანიზაციის ზეგავლენის წარმოჩენა.

რაც შეეხება კონკურსს, მიიღება როგორც ფერადი, ისე შავთეთრი ნამუშევრები. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ხუთი ფოტო და გააგზავნოს ელფოსტაზე: info@eiec. gov. ge. ფაილის გასაგზავნად კი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ფაილგადამცემი სერვისი (მაგალითად, WeTransfer).

„თითოეულ ფოტოს უნდა ჰქონდეს სათაური და მოკლე აღწერა (მაქს. 150 სიტყვა) - სად და როდისაა გადაღებული და რას ასახავს; ასევე, წარდგენილი ფოტო მასალა არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს (სავაჭრო ნიშანი, პირადი ცხოვრება, პუბლიკაციის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები); ფოტოზე არ უნდა იყოს დატანილი თარიღები, ტექსტი, ბრენდების სახელები, ლოგოები ან სავაჭრო ნიშნები.

ფოტოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი, ასაკი, კონტაქტი, ფოტოს სათაური და მოკლე აღწერა.

შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება გარემოს დაცვის, ფოტოგრაფიის და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტებისგან. საუკეთესო ნამუშევრები კი გამოქვეყნდება EIEC-ის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. გამარჯვებულებს აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები და სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 21 ნოემბერია.

კვირის ამბები