
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა. ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით, 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.