სპორტი
14.11.2025 11:28
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს

გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ნუგზარ სხირელის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შეჯიბრში ქართველებთან ერთად, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც ასპარეზობენ. მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში უპირისპირდებიან.

ტურნირი დღეს, 14 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ჯგუფურ ასპარეზობაში.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.

ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.

ცნობისთვის, დამსახურებული მწვრთნელის მემორიალურ ტურნირს გორი მეხუთედ მასპინძლობს.

კვირის ამბები