
14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან დაწესდა. 2006 წელს კი გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ. რაც შეეხება საქართველოს, ეს თარიღი 1992 წლიდან - 34 წელია აღინიშნება.
დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. რგოლი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერს აერთიანებს, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.
„ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს დიაბეტით 537 მილიონი ზრდასრული ადამიანი (1 10-დან) ცხოვრობდა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 643 მილიონამდე 2030 წლისთვის და 783 მილიონამდე 2045 წლისთვის.
დიაბეტით დაავადებული 2 მოზრდილიდან თითქმის 1 (44%) რჩება დიაგნოზის გარეშე (240 მილიონი). უმეტესობას ტიპი 2 დიაბეტი აქვს.
დიაბეტით დაავადებული 4-დან 3-ზე მეტი ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. 541 მილიონ ზრდასრულ ადამიანს აქვს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი. 1,2 მილიონზე მეტი ბავშვი და მოზარდი (0-19 წელი) ცხოვრობს ტიპი 1 დიაბეტით. 6 ნაყოფიდან 1 ვითარდებოდა (21 მილიონი) ორსულობის დროს დედის ჰიპერგლიკემიის ფონზე. 2021 წელს შაქრიანი დიაბეტის შედეგად დაიღუპა 6,7 მილიონი ადამიანი“, - აღნიშნულია საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.