
გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი გორის სპორტის სასახლეში 13 და 14 ნოემბერს ჩატარდება. ასპარეზობები 11:00 საათზე დაიწყება.
ტურნირში მონაწილეობას 2006-2007 და 2008-2009 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მიიღებენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. მოპოვებული მედლების გათვალისწინებით, გამოვლინდება გუნდურ ჩათვლაში საუკეთესოც.
ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.
ცნობისთვის, დამსახურებული მწვრთნელის მემორიალურ ტურნირს გორი მეხუთედ უმასპინძლებს. შეჯიბრზე დასწრება თავისუფალია.