
გორმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
სპორტულ აქტივობაში 2013 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან ერთად, პირველობისთვის ორი უცხოური გუნდიც (ყაზახეთი, სომხეთი) იბრძოდა.
ტურნირის გამარჯვებული და გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც.
გამარჯვებული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ბურჯანაძის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბ „გორის“ წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
„მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონობა. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილე გუნდებს და მათ მწვრთნელებს.
დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ვიხილავთ ამ ბავშვების სანაკრებო დონეზე შესრულებულ არაერთ გოლს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს გორში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
შეჯიბრი, რომლის მიზანს ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს, საფეხბურთო კლუბ „გორის“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება.