საზოგადოება
05.11.2025 15:25
როგორ მოვიქცეთ გრიპით ინფიცირების შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ქვეყანაში გავრცელებული სეზონური გრიპის ვირუსების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, გამოვლენისთანავე, საჭიროა იზოლაცია და რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დაავადების პროგრესირებისას, ან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ;

სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ძილიანობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხ ლოკაციაზე შეუძლიათ: სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (ჭავჭავაძის გამზ. 56), შპს „გორმედი“ (ცხინვალის გზატკ. 14), შპს „მედიქალ ცენტრი“ (სუხიშვილის ქ. 63) და შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი" (სოფელი ნიქოზი).

კვირის ამბები