
მუნთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა. გიუნაშვილის ინფორმაციით, მუნის შემთხვევა მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ანალოგიურად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
პაატა იმნაძემ ბოლო პერიოდში გამოწვეული შეშფოთების საპასუხოდ განაცხადა, მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია.
„წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება და დაახლოებით ასეთივე მონაცემებია საქართველოშიც.
„მუნი ტკიპით გამოწვეული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია სპეციალური მალამოების საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ ნივთების საზიაროდ გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო მას, ვისაც აქვს მუნი, არამედ ოჯახის წევრებს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს დაავადებულთან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.