რეგიონი
05.11.2025 13:25
რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი შიდა ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მოადგილეებთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

უწყების ხელმძღვანელმა სოფელ ბრეთში სპორტდარბაზის მშენებლობა, დაბა აგარაში კი კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რაც შეეხება პროექტებს, სოფელ ბრეთში თანამედროვე სპორტდარბაზის მშენებლობა მალე დასრულდება და ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე. პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები. მეორე სართულზე კი ტრიბუნები და მრავალფუნქციური სივრცე განთავსდება, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც, რაც ობიექტის ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. სპორტდარბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს.

დაბა აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე ლითონის კოჭებით კონსტრუქციების გადახურვა, პარაპეტის, ტრიბუნის და სცენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 770 000 ლარს შეადგენს.

კვირის ამბები