საზოგადოება
04.11.2025 16:31
შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტია გამოვლენილი და 111 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერ რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, სხვადასხვა რეგიონში არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი - 34 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, იმერეთში გამოვლენილია 29 სამართალდარღვევა, აჭარაში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, გურიაში - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 10, შიდა ქართლშიც - 10, მცხეთა-მთიანეთში - 9, ქვემო ქართლში - 6. ჯამში, 185 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ათ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1380 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 54 უკანონო სახერხი საამქრო.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები