
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 დაიწყო.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, WorldSkills-ის უნარების კონკურსი ეროვნულ დონეზე 6 პროფესიაში: ვებ-ტექნოლოგიები, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები, მოდის ტექნოლოგია, კონდიტერია, თმის მომსახურება და ავტომობილის ტექნოლოგია, გაიმართება. უნარების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს წინასწარ შერჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს, ხოლო გამარჯვებული დასკვნით ღონისძიებაზე გამოცხადდება.
„კონკურსანტების რეგისტრაცია 14 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი და მონაწილემ განაცხადის ფორმა უნდა შესავსოს ბმულზე: shorturl. at / tir4W
ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეული მიმართულებით მაქსიმუმ 10 მონაწილე შეირჩევა, ხოლო საპრიზო ადგილის (I-II-III) მქონე კონკურსანტს ეძლევა შანსი, WorldSkills რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსზე წარსდგეს, რომელიც 2026 წლის 22-26 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება.
WorldSkills-ის უნარების კონკურსი საქართველოში ეროვნულ დონეზე ტარდება და წარმოადგენს შერჩევით ეტაპს, რომლის გამარჯვებულები წარადგენენ ქვეყანას საერთაშორისო - WorldSkills International კონკურსზე“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
რაც შეეხება მონაწილეობას და წარდგენას, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საკონკურსოდ განსაზღვრული პროფესიების შესაბამისი უნარების მქონე პირებს, რომელთა ასაკიც 2026 წლის მდგომარეობით არ აღემატება 22 წელს: პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს (წარადგენს დაწესებულება); პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებს და კურსდამთავრებულებს (წარადგენს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი) და დასაქმებულებს/თვითდასაქმებულებს (დასაქმებულს წარადგენს დამსაქმებელი, თვითდასაქმებული კონკურსში საკუთარ თავსწარადგენს, როგორც ინდივიდუალური მეწარმე).
ცნობისთვის, WorldSkills - ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული პროფესიული უნარების კონკურსი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს პროფესიული უნარების და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, როგორც WorldSkills International-ის ასოცირებული წევრის და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.