
იუსტიციის სამინისტრო განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემას დღეიდან, 3 ნოემბრიდან იწყებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი დიზაინის ID ბარათზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით (ერთ ფერში) და საქართველოს სახელმწიფო დროშა. ამასთან, მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე გადანაწილდება, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იქნება.
„მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, ადამიანის სტატუსის (დევნილი, სტუდენტი და ა.შ.) ამოკითხვა იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნულია იუსტიციის მინისტრი ბრძანებაში.
რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ბარათზე მითითებული თარიღით), კვლავ ძალაში იქნება.
ამასთან, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური ფოტოსურათის და საბანკო მომსახურების ჩათვლით 66 ლარს შეადგენს).
შეგახსენებთ, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა უწყებამ 6 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო.