საზოგადოება
03.11.2025 14:29
2025 წლის საუკეთესო მოხალისეთა გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო

2025 წლის საუკეთესო მოხალისეთა გამოსავლენად მოზარდებისა და ახალგაზრდების განაცხადების მიღება დაიწყო.

წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ახალგაზრდობის სააგენტოს მხარადჭერით და ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით მეხუთე წელია იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო კეთილი საქმის ირგვლივ ამ ქვეყნის ლიდერებს და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს აერთიანებს. მიზანი კი ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

„გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩევა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდება: განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა. შ.

საუკეთესო მოხალისეებს საქართველოს მასშტაბით სპეციალური კომისია გამოავლენს, ხოლო მოხალისეთა დაჯილდოების ცერემონია 5 დეკემბერს გაიმართება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება მონაწილეობას, მოხალისეების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს და, ასევე, თავად მოხალისეებს, შესაძლებელია საკუთარი თავის (თვითნომინაცია) წარდგენაც.

განაცხადის მიღება ელექტრონულად: forms. gle / EuDpAVH2RXaFu6zE7, 18 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, გასული წლის მოხალისეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი შვიდი გორელი ახალგაზრდა გახდა. გორელთაგან 2024 წლის საუკეთესო მოხალისეს ტიტული საბა მინდიაშვილმა, გიორგი ცერაძემ, ვალერი ნარიკაევმა, კესო პაპუაშვილმა, თეკლა ნაფიშვილმა, ლიკა მაისურაძემ და ნინი კოვზიაშვილმა მოიპოვეს.

კვირის ამბები