საზოგადოება
31.10.2025 13:04
გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, ბარნოვის ქუჩა №179-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

„სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება , სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.

პროექტის საერთო ღირებულების 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, თვითმმართველობა, სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამა“ მოქალაქეებს, მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 13 კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.

კვირის ამბები