
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე პირველ სხდომაზე, რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების პოზიციაზე დასახელებული კანდიდატების არჩევა განხორციელდა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე 40 დეპუტატიდან 39-მა მარლენ ნადირაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ძალიან კარგი ტესტი, სადაც გამოიკვეთა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც ერთი მხრივ, სასიამოვნოა, მეორე მხრივ კი უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს. მინდა, მივულოცო საქართველოს მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოებს პირველი სხდომები, უფლებამოსილებებში შესვლა და წარმატებები ვუსურვო.
გააზრებული გვაქვს ის გამოწვევები, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშეა დარჩენილი. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდება.
გორის საკრებულოს თითოეული წევრი ღირსეულია, შესაბამისად, პროფესიულ დონეზე მივიღებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას.საკრებულოს სამუშაო პროცესში ვითანამშრომლებთ მოსახლეობასთან. საკრებულოს სხდომები და მერიის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ყველა გადაწყეტილება, რასაც მივიღებთ მოსახლეობის კეთილდღეობას მოემსახურება“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური პარტიის „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა გელა შარვაშიძემ.
„საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე. მახსენდება კომუნისტური პარტია, ერთპარტიულობა. ამ შემთხვევაში უკვე „ძლიერი საქართველო - ლელო" აპირებს ამ ერთპარტიულობაში ბრძოლის ფრონტის გახსნას. მითუმეტეს, თადარიგის მაიორი ვარ და ბრძოლის ხერხები კარგად ვიცი. მე ჩვენ ამომრჩეველთან მაქვს სიტყვა დადებული, მათი ინტერესები შესრულდეს, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდები, პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საკრებულოს სხდომებზე განსახილველად დავაყენო“, - აღნიშნა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გორის ოფისის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე თამარ მურალოვა აირჩიეს. მოადგილეების პოსტები კობა ბერიანიძემ და ზურაბ ყაულაშვილმა დაიკავეს.
საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევასთან ერთად, დეპუტატები, ასევე, ცნობად მიიღებენ ფრაქციების დაფუძნებას, კომისიებში - კომისიის წევრთა რაოდენობის და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრას და აირჩევენ საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებს.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა.